სალომე სამადაშვილი: „საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს”

პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევად წარდგენილ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

„დღეს ვერც ბატონ კუჭავას გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვერც ბატონ პაპუაშვილს ვუსურვებ წარმატებას და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რატომ. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს.

ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, მაგრამ ალბათ არც ის არ გვახსენდება, რომ პარლამენტის არჩევიდან ერთი წლის მანძილზე მესამედ უწევს პარლამენტს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ რამდენიც არ უნდა ისაუბროთ აქ ხელოვნურად ოპოზიციის მიერ შექმნილ კრიზისზე, ხელოვნურ პოლარიზაციაზე რეალურად პოლიტიკური კრიზისი შექმნა თქვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანმა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო მიუხედავად ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნებისა და ეს პოლიტიკური არასტაბილურობა დღესაც გრძელდება.

ბატონ პაპუაშვილს ვერ დავუჭერ მხარს მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ დღეს ის გამოვიდა და ფარისევლად გვესაუბრა პარლამენტის ტრიბუნიდან იმაზე, რომ თურმე ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებთ 2024 წელს. ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა შარმ მიშელის მოლაპარაკებების პროცესში და შემდეგ ყველაზე აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ თურმე ეს დოკუმენტი არანაირი ძალის და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად მატყუარა, არასანდო ადამიანი და პოლიტიკურ მატყუარას პარლამენტის თავმჯდომარედ მხარს ვერ დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა კობახიძემ, ამ პარლამენტის არაფორმალურმა მმართველმა, შეგარჩიათ ამ პოსტზე.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ადამიანს, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, რომ ფიზიკურად არ იძალადოს საკუთარ კოლეგაზე ამ დარბაზში, ჩემი აზრით მისი შემოთავაზებაც კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, არის საზოგადოების, საქართველოს პარლამენტის ტრადიციების და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის შეურაცხყოფა. ასეთი დაკნინებული პარლამენტი, ჩემი აზრით, გასული 30 წლის მანძილზე არ ყოფილა და ჩემთვის ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები