საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად, ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 2022-2025 წლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია ალიბეგაშვილი და სხვა პარტნიორი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მხრიდან უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უკვე ჩატარებული სამუშაოსა და ახალი პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის საჭიროების შესახებ ისაუბრა, რისთვისაც აუცილებელია ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება.
თავის მხრივ, ნინო ჭელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა და 2022-2025 წლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო სტრატეგია წარუდგინა. შეხვედრის შედეგად შეთანხმდა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამისთვის პრიორიტეტული მიმართულებების პროექტის ჩარჩო. შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ის მიმართულებები/დარგები, სადაც არსებობს კვალიფიციური კადრების საჭიროება, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების მიზნებთან.