პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა
პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა. იგი რეანიმაციაში იმყოფებოდა და ებრძოდა ვერაგ დაავადებას, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა.
„მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. მას ასევე გაჩერებული აქვს ორივე თირკმელი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ იას სიცოცხლის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელოვანია“, – წერდა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დიკა სალაყაია.
ია ნანეიშვილი სამეგრელოში, ხობის რაიონში, საჯიჯაოში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის პერიოდში მისი ლექსები და ჩანახატები იბეჭდებოდა გაზეთ „ცოტნეიდელში”, ჟურნალ „ჯეჯილში“. შემდეგ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა…
ია ნანეიშვილს 4 წლის წინ მოულოდნელად მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, ვერაგ დაავადებასთან – მწვავე ლეიკემიასთან მოუწია გამკლავება. ამ რთულ ბრძოლაში ლექსების წერა ეხმარებოდა. იმავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი კრებული – ,,ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი”, რასაც სხვა კრებულებიც მოჰყვა. მისი ლექსები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
პორტალ „კვირასთან“ ინტერვიუში 2018 წლის 15 მარტს იგი ამბობდა:
„ჩემი პირველი კრებული გამოიცა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ურთულესი ეტაპი იდგა. შარშან ზაფხულში დამიდგინდა მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია. ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას… ნათქვამია, განსაცდელის ჟამს უფალი ანგელოზებს ადამიანების სახით გვიგზავნისო და ეს სიმართლეა…
კრებულის წარდგენა მოხდა უთბილეს და ულამაზეს გარემოში… უბედნიერესი ვიყავი ამ დღეს, დამაჯილდოვეს „ქართული სიტყვის ოსტატის” წოდებით, რაც დიდი წარმატება და სიხარული იყო ჩემთვის.
ჩემი სათქმელი იყო ის, რომ რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდეს ადამიანი, ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს. სიცოცხლე მშვენიერია, დავაფასოთ ყოველი წამი და ვიბრძოლოთ ნათელი, მზიანი, სიკეთითა და სიმშვიდით სავსე ცხოვრებისათვის. ბნელ ღამეს ყოველთვის მოსდევს ნათელი დღე და განსაცდელიც აუცილებლად შეიცვლება სიხარულითა და ლხენით… უფლისგან არასოდეს გაიწირება ადამიანი, ჩვენ თუ არ შევაქცევთ უფალს ზურგს. რწმენას ყველაფერი შეუძლია, უდიდესი სასწაულების მოხდენაც კი“!
სამწუხაროდ, მეორედ ვეღარ მოერია მძიმე სენს და თან წაიყოლა ოჯახის, მეგობრების, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების სიყვარული.