„ნატოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაა, გაძლიერდეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესი“
ნატოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესი, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბეილიმ აღნიშნა, ნატოს უელსის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონში რუსეთის მხრიდან შექმნილი საფრთხე იქნება.
“საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში. გულწრფელად მივესალმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდაუვალია, რომ კითხვები ისმება ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებით. რეგიონში რუსეთის აგრესია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც განიხილავენ იმის საპასუხოდ, თუ როგორი იქნება ნატოს რეაქცია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე და როგორ უნდა გააქტიუროს ნატომ თანამშრომლობა ქვეყნებთან, რათა მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ საქართველოს მისწრაფება არის ნატოსკენ. ზუსტად მათი არგუმენტების საფუძველზე ჩვენ ამ გაზაფხულზე მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც ნატოს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოვუწოდეთ. ნატოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და მხოლოდ განცხადებები. უნდა გადაიდგას შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და დააახლოებს მას ნატოსთან”, – განაცხადა ბრიფინგზე ჰიუ ბეილიმ.