„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩს მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ კომიტეტის ჩატარებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. ჩვენ მას მივაწოდეთ მთელი რიგი საკითხები, საკმაოდ ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა, პოზიციების გაცვლა იყო. დეტალებთან დაკავშირებით ყურადღებას აღარ გავამახვილებ. რა თქმა უნდა, პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, დისკუსია, რაც ჩვენს პარტნიორთან გვქონდა, ასევე კომიტეტში რაც იქნება, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება. შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.