სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები