„საქართველოს რკინიგზა“ დეკრეტულ შვებულებას სამი თვის განმავლობაში აანაზღაურებს

რკინიგზაში დასაქმებულებს კომპანია დეკრეტულ შვებულებას სამი თვის განმავლობაში აუნაზღაურებს – ამის შესახებ „კვირას“ სს „საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, სს ”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობისა და საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თანამშრომლობის შედეგად, ხელი მოეწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 17 ივნისიდან სს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულ ქალბატონებს, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დეკრეტული შვებულების პერიოდში, პირველი სამი თვის განმავლობაში დამატებით მიეცემათ კომპენსაცია – თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს კომპანიებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას. მხოლოდ სს ”საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტის კეთილი ნების შედეგად მოხდა აღნიშნული კომპენსაციის გაცემა.
2014 წლის 17 ივნისამდე ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში, სს ,,საქართველოს რკინიგზაში“ მომუშავე ქალბატონებზე გაიცემოდა მხოლოდ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოყოფილი დახმარება 1000 ლარი, რასაც ემატებოდა საქართველოს რკინიგზის მხრიდან ერთჯერადი დახმარება – 600 ლარი (საქართველოს რკინიგზის პერსონალის ლოიალურობის ამაღლების შესახებ დებულების თანახმად).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები