კახეთსა და თბილისში რამდენიმე საწარმო დაიხურა

კახეთსა და თბილისში კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე საწარმო დაიხურა – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. როგორც „კვირას“ დეპარტამენტში განუცხადეს, დედოფლისწყაროს რაიონული პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე – ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და სოფელ ოზაანში – ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, რძის შენახვისა და დამუშავების ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული იყო ნადუღისა და სულგუნის მოსამზადებელი აბაზანა და ორთქლის მიმწოდებელი მილი; საწარმოებში აღმოჩნდა მწერები; ლაბორატორიული ანალიზის შედეგად რძეში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).
სოფელ გლდანში, შპს “ხორცპროდუქტსერვისის” კუთვნილ სასაკლაოზე ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხორცში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა). კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე შპს “ნიკორა ტრეიდის” მარკეტში, სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების შენახვა-რეალიზაციის სათანადო ტემპერატურული რეჟიმი. აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებს, შპს “ხორცპროდუქტსერვისის” კუთვნილ სასაკლაოს და შპს “ნიკორა ტრეიდის” მარკეტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები