პრეზიდენტი – პატრიარქს: სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის ერთგული დარჩება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილეს ულოცავს.
“სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით” – წერს პრეზიდენტი.
მისალოც წერილში ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობასა და პროცესში ეკლესიის როლზე საუბრობს.
“…დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურებისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე…”,- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.