2021 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დისტანციური სერვისებით 670 ათასზე მეტმა გადამხდელმა ისარგებლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პროექტის – ,,ურთიერთობა მარტივია“ ფარგლებში, დისტანციური სერვისების 2021 წლის შედეგები შეაჯამა. ანგარიში მოიცავს, მომხმარებელთა მიმართ, როგორც დისტანციურ რეჟიმში, ასევე ადგილზე, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიღებულ შედეგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის უმთავრესი მიზანია, გადასახადის გადამხდელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს მარტივი, გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისების მიღება.

ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით, ამასთან განცხადების წარდგენა დისტანციურ რეჟიმში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

მიმდინარე წელს დანერგილ სერვისებს შორის აღსანიშნავია ინიციატივა, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 25 სექტემბრიდან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რიგი განცხადებების რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში განაცხადის საფასური შემცირდა.

2021 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სერვისცენტრებისა და წარმომადგენლობების მიერ გაწეული სერვისით ისარგებლა 462072 ვიზიტორმა, გარდა ამისა, 30-მდე ლოკაციაზე, იქ სადაც არ არის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები და წარმომადგენლობები, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, RS CAR-ის მეშვეობით განხორციელდა სერვისული მომსახურება, რომლითაც ისარგებლა 7175 ვიზიტორმა. ამასთან, ვებგვერდის გამოყენებით, ფიზიკურ პირად რეგისტრაციის მიზნით, შესრულდა ვიდეოაქტივაციის/პაროლის შეცვლის/აღდგენის 13 869 პროცედურა, ხოლო საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მიერ გაიცა 394820 კონსულტაცია, ჩათის მეშვეობით განხორციელებული სერვისის რაოდენობამ შეადგინა – 32 205. მომსახურების დეპარტამენტში შემოსული განცხადებების/წერილების, მათ შორის ღია და დახურული ტიპის განცხადებების ოდენობამ ელექტრონული სერვისების მეშვეობით შეადგინა 809381 განცხადება, რომელთაგან უშუალოდ გადამხდელების მიერ დარეგისტრირდა 537033 განცხადება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული და ადგილზე წარდგენილი განაცხადების თანაფარდობის შედეგები, კერძოდ, ვებგვერდზე ელექტრონულად მიღებული განცხადებების რაოდენობამ 677 498 შეადგინა, მაშინ როცა მატერიალური ფორმით 131 883 განაცხადი იქნა წარდგენილი. 2021 წელს, დაბეგვრის სპეციალური (შეღავათიანი) რეჟიმებით სარგებლობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებზე – 5 682 მიკრობიზნესის, 23 042 მცირებიზნესის, 1 748 ფიქსირებულის სტატუსების, 36 – მაღალმთიანის დასახლების საწარმოს სტატუსის და 32 – საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება განხორციელდა. 2021 წლის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge 26 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა.

უნიკალური ნახვა განახორციელა 19 377 226 ვიზიტორმა, რაც შეეხება ვებგვერდს Eservices.rs.ge 196 284 111 მნახველი ჰყავდა, აქედან უნიკალური ნახვა განახორციელა 102 081 057 ვიზიტორმა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მიმართავს თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემდეგშიც მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები