ლევან იოსელიანი: შიმშილობის გამო ციხის კარი არ გაიღება და ვერავინ გამოვა, ვინც უნდა იყოს პატიმარი
“ამ პოლიტიკურ პარტიას ყველა ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის, საკუთარი მედია, რომ თავისი საპროტესტო მოსაზრება საკუთარ ამომრჩევლამდე მიიტანოს. ეს არქაული თვითგვემის ფორმაა, რომელიც პრინციპულად მიუღებელია”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებულ მასობრივ შიმშილობაზე განაცხადა.
ლევან იოსელიანი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის შიმშილობის ფორმის ეფექტურობაზე საუბრობდა, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შიმშილობა პროტესტის ფორმად ევროპაშიც აღარ გამოიყენება.
„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს შედარება აბსოლუტურად უადგილოა. ის კონტექსტი, როცა მაჰათმა განდი შიმშილობდა, დღევანდელი ვითარებისგან ერთმანეთისგან განსხვავდება. მიდგომა, რომ მე თავი უნდა დავიზიანო, ოღონდ შენ იყავი კარგად, თანამედროვე პოლიტიკაში დიდი ხანია, მიუღებელია. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, დიდი ხანია, ევროპაშიც აღარ გამოიყენება. ამ პოლიტიკურ პარტიას ყველა ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის საკუთარი მედია, რომ თავისი საპროტესტო მოსაზრება საკუთარ ამომრჩევლამდე მიიტანოს. ეს არქაული თვითგვემის ფორმაა, რომელიც პრინციპულად მიუღებელია. ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან შიმშილობის გამო ციხის კარი არ გაიღება და ციხიდან ვერავინ გამოვა, ვინც არ უნდა იყოს პატიმარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.