„პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. მისასალმებელია ეს ინიციატივა”, – ასე შეაფასა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
„პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.