გიორგი ცუცქირიძე: ეს შიმშილობა განწირულია შიგნით და არც საგარეო მოხმარებისთვის არ გამოდგება, რადგან თავად მისი არსია გაუგებარი

სოლიდარობა თუ ასე უნდოდათ მაშინ, რომ ეშიმშილათ, როდესაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი და მათივე გურუ შიმშილობის აქციას მიმართავდა, რაღაც გამართლება, თუნდაც ადამიანური, კიდევ ექნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს შიმშილობა განწირულია, როგორც შიგნით ისე, საგარეო მოხმარებისთვის, რადგან თავად მისი არსია გაუგებარი.

“მსოფლიო ისტორიაში, ძნელად თუ მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აპროტესტებდეს ყველას და ყველაფერს. პოლიტიკის ინსტრუმენტებად კი ოდენ  ბოიკოტს, საბოტაჟს და შიმშილობის აქციებს იყენებდეს.

ამ ტიპის პოლიტიკური ობსტრუქციონიზმი ქმნის დღის წესრიგსაც, რაშიც ლომის წილი მხარდამჭერ მედია საშუალებებზე მოდის.

რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო ორი წელია მიმართავს სხვა სახელს ძნელად დაარქმევ, რადგან საკანონმდებლო საქმიანობა, რაც წესით პოლიტიკური პარტიის ძირითად  საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს, და რისთვისაც ამომრჩეველი ხმას აძლევს, საერთოდ იგნორირებულია. ეს იგნორიც, ალოგიკურია იმდენად, რამდენადაც თუ ამ ხელისუფლების პირობებში აზრი არა აქვს და “ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ხელისუფლება  მაშინ, რატომ რჩებიან პარლამენტში და უარს არ ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე, კიდევ უფრო გაუგებარია.

ანალოგიური სიტუაციაა ახლა მორიგ თუ პერმანენტულ წინასაახალწლო შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით, რაც დროში და სივრცეშია საერთოდ აცდენილი, არა მხოლოდ საახალწლო დღეების დამთხვევის გამო.
დღეს მსოფლიოში შექმნილი მეტად საშიში გეო პოლიტიკური ვითარება, ქვეყნის წინაშე აბსოლუტურად სხვა გამოწვევებს აპროვოცირებს და საერთო ეროვნულ კონსესუს აყენებს დღის წესრიგში და პრიორიტეტადაც.

ამიტომაც არის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინკლუზიური შემოთავაზება საერთო ეროვნულ შერიგებაზე, ნაკლებად შესაძლებელი. აქვე შევნიშნავ, რომ ნაციონალების უფრო კონსტრუქციული პოზიციის პირობებში საეჭვო იქნებოდა, თუ საერთო შეთანხმება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, არა 2003 -2012 წლების, არამედ გასული საუკუნის 90 იანი წლებიდან არ იქნება შეფასებული. დღევანდელი პრობლემების თავი და თავი არა გასულ წლებში, არამედ სწორედ ეროვნული ხელისუფლების იარაღის გზით დამხობაში და ისტორიულ ღალატშია საძიებელი. რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაციაც 30 წლის წინ,  ზუსტად ამ დღეს დაიწყო და ქართველი რენეგატების ხელით განხორციელდა, რომელთა ნაწილი დღესაც პოლიტიკაშია. ამის გარეშე, არა თუ ერის შერიგება, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაციაც შეუძლებელი იქნება, რაც სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს!

“ნაციონალური მოძრაობის” შეუქცევადი მარგინალიზაცია სახეზეა.

როგორც ბოლო ორი არჩევნების შედეგების “ტოტალური გაყალბების” ისტორია გახდა კომიკური და ამასთან უშედეგო, რადგან მისი დამტკიცება ოპოზიციამ ვერც ქვეყნის შიგნით შეძლო და ვერც გარეთ დააჯერა ვერავინ, ეს შიმშილობაც განწირულია შიგნითაც და არც საგარეო მოხმარებისთვის არ გამოდგება, რადგან თავად მისი არსია გაუგებარი. სოლიდარობა თუ ასე უნდოდათ, მაშინ რომ ეშიმშილათ როდესაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი და მათივე გურუ შიმშილობის აქციას მიმართავდა, რაღაც გამართლება თუნდაც ადამიანური კიდევ ექნებოდა. ეს აქციაც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა ფუჭი და პოლიტიკას აცდენილი მცდელობები იყო, და მარგინალიზაციის სერიოზული ნიშნების აქ იკვეთება. ძალზე საეჭვოა ქალბატონმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, ამ შიმშილობის აქციის გამო კი მით უმეტეს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები