ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან კიდევ ერთი წლით გათავისუფლდნენ

პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლითაც ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას ასევე ერთი წლით.

„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის გამხორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის 1 იანვრამდე. ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება და ერთწლიანი შეღავათი გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონით”, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ კანონის თანახმად, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისაგან. ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები