საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელა
ბოლო პერიოდში საპარლამენტო სუბიექტების ცვლილების გამო თავიდან გადანაწილდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და პარლამენტის ეთიკის საბჭოში, – ამის შესახებ იმსჯელეს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „ბოლო პერიოდში ორი ფრაქცია გაუქმდა პარლამენტში, შემდეგ შეიქმნა ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს” სახელწოდებით, 3 წევრის შემადგენლობით. შემდეგ ეს ჯგუფი ისევ გაუქმდა ისევ შეიქმნა ფრაქცია „ლელო”- პარტნიორობა საქართველოსთვის”, ამავდროულად შეიქმნა კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი”. ამ ცვლილებებმა გამოიწვია კვოტებში შესაბამისი გადაადგილება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რეალურად აღდგა ის პირვენდელი მდგომარეობა, რაც ჰქონდა ფრაქცია „ლელოს” და ასევე “სტრატეგია აღმაშენებელს”, როცა ჰქონდათ ფრაქცია.
თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ჯგუფში ახლა ორი წევრით ნაკლებია, 7-ის ნაცვლად არის 5 წევრი „სტრატეგია აღმაშენებელს” დელეგაციებში აქვს ერთით ნაკლები ადგილი. დანარჩენი არის იგივე, რაც იყო თავდაპირველად ამ ორი ფრაქციის არსებობის დროს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მან ასევე უპასუხა ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას, რატომ არ აქვს მის ფრაქციას ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და განაცხადა, – „ჩვენი მიზანია, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს ყველა დელეგაციაში. თუმცა, საპარლამენტო სუბიექტი, ფრაქცია იმის მიხედვით იღებს კვოტებს, რამდენი წევრიც ჰყავს და კიდევ, იმის გათვალისწინებით, რამდენჯერ დაიშლებიან და რამდენჯერ შექმნიან ფრაქციას.
მოგეხსენებათ, თავდაპირველად, როცა პარლამენტი შეიკრიბა, კონფოგურაცია ნამდვილად სხვა იყო. რაც შეეხება ევროპის საპარლამენტო ასამბლეას, აქ სულ 5 ძირითადი წევრია, რომელიც უკვე დაკომპლექტებული იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე, საერთაშორისო დელეგაციებში შემადგენლობების ცვლილება არ არის რეკომენდებული”. საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.