ლევან თევზაია – „დროული აცრით შევძლებთ პანდემიის დამარცხებას“

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ და კამპანიის ფარგლებში გრძელდება დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, ასევე, მათი ვაქცინაციის პროცესი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით,
დღეს რუსთავში მცხოვრები დევნილები რუსთავის კლინიკაში აიცრებიან.
“მათ კარგად აქვთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ამ პროცესში ჩაერთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი, ლევან თევზაია და ის დღეს რუსთავში დევნილ მოსახლეობას შეხვდება.
“ბატონი ლევანი ორჯერ აცრილია. თვლის, რომ ასეთი კამპანიები მნიშვნელოვანია, რათა ყველა ადამიანთან მივიდეს სწორი ინფორმაცია და გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის ჯაჭვის გასაწყვეტად ვაქცინაცია”, – აცხადებენ მთავრობაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავერთოთ ყველანი იმუნიზაციის პროცესში. ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად და ვთვლი, რომ დროული აცრით შევძლებთ ამ პანდემიის დამარცხებას. ორჯერ ვარ აცრილი, ავიცრები მალე „ბუსტერ“ დოზითაც და ყველას მოვუწოდებთ აიცრას. ჩემს გარშემო სახლობლო, ოჯახის წევრები ყველა აცრილები ვართ. ნათესავებს, რომლებიც არ არიან აცრილები, მოვუწოდებ აიცრან. კაცობრიობა ბევრჯერ იხსნა სხვადასხვა დაავადებისა და სიკვდილისგან სწორედ ვაქცინებმა. დღესაც ეს ეტაპი დგას. მთავარია, არსებობს ვაქცინა, არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და დიდი აგიტაცია არ სჭირდება ამას. აცრა გვიცავს, რომ ერთმანეთი არ დავაინფიციროთ და გვიცავს სიკვდილისგან. სამწუხაროდ კოვიდით ბევრი ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა და ეს დიდი დანაკლისია. სწორედ ამიტომ ჩვენს დევნილებს, მთელ საზოგადოებას ვეტყოდი, წავიდეთ და ავიცრათ, ასე დავიცვათ საკუთარი თავი და სხვების სიცოცხლე. რუსთავის საავადმყოფოში დღეს დევნილები აიცრებიან, ჩვენ მათ დავურიგებთ პირბადეებსაც, რომელიც არის ჰუმანიტარული დახმარება. სოციალური დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და რაც ყველაზე მთავარია, ვაქცინაციით საბოლოოდ დავამარცხებთ პანდემიას,“ – აცხადებს ლევან თევზაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები