ელისაბედ კუჭავა – „ედვარდ ჯენერის ვაქცინამ კაცობრიობა ყვავილის ეპიდემიისგან იხსნა“

ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაციის პრეზიდენტი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ნუტრიციოლოგი, ელისაბედ კუჭავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყვავილის პანდემიისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელზე წერს. რა გზა განვლო ედუარდ ჯენერის ვაქცინამ გამოგონებიდან დღემდე.

„ედუარდ ჯენერი – გენიალური მეცნიერი, რომელმაც კაცობრიობა ყვავილის ეპიდემიისგან იხსნა! 

ინფექციური სნეულება ,,ყვავილი’’ პირველად ძვ.წ.აღ.-ით 10 000 წელს, აფრიკის ჩრდილო – აღმოსავლეთის აგრიკულუტურულ დასახლებებში გავრცელდა. „წინწკლებიანი ურჩხული”, როგორც მას ბრიტანელები ეძახდნენ, ადამიანის სხეულზე მტკივნეულ ჩირქგროვებს ტოვებდა, რომელიც შემდეგ მრავლობით ნაიარევებად ყალიბდებოდა. სიკვდილიანობის სიხშირე ძალიან მაღალი იყო, გადარჩენილებს მხედველობის სერიოზული პრობლემები და კანზე ღრმა იარები რჩებოდათ.

ყვავილთან გამკლავების მცდელობები არაერთხელ გამოიყენეს უძველეს ჩინეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში. იმდროინდელი სპეციალისტები შეგნებულად ცდილობდნენ ვირუსის მცირე დოზით ადამიანების ინფიცირებას, რათა პაციენტი დაავადებას უფრო ადვილად გამკლავებოდა. ამისათვის ისინი ყვავილის გამონაყარის ბუშტუკიდან ჩირქს იღებდნენ და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეჰყავდათ. აღნიშნულ მეთოდს ვარიოლაცია ერქვა და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სრულყოფილი, ის მე-18 საუკუნის ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა, რადგან შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ვაქცინაციის ისტორიის ათვლა იწყება 1796 წლიდან, როდესაც ინგლისელმა აფთიაქარმა და ექიმმა ედვარდ ჯენერმა თავისი ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან შეამჩნია, რომ ფერმერებს, რომელთაც ყვავილი ძროხებისგან გადაედოთ, შემდგომში ეს დაავადება აღარ ემართებოდათ. აღმოჩნდა, რომ ძროხებისთვის დამახასიათებელია ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმა. მეცნიერმა დაასკვნა, რომ ფერმერებს, რომლებმაც ყვავილის იოლი ფორმა გადაიტანეს, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ და ამიტომ ის მათთვის საშიში აღარ იყო.

1796 წლის 14 მაისს, ჯენერმა ყვავილით ინფიცირებული ფერმერის ბუშტუკიდან ამოიღო ჩირქი, რომელიც მებაღის რვა წლის ბიჭის, ჯეიმს ფიპსის მკლავზე არსებულ ნაკაწრში შეაზილა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან სცადა, ყმაწვილი ყვავილით ხელოვნურად დაეინფიცირებინა, მაგრამ – უშედეგოდ.

ჯენერს ახალი გამოგონებით გამდიდრება არ უცდია. მან ააშენა პატარა ერთოთახიანი ქოხი, რომელშიც ღარიბებს უფასოდ და წარმატებით უტარებდა ვაქცინაციას. ყვავილით დაავადების საფრთხის მიუხედავად, არისტოკრატიული წრეეები თავს იკავებდნენ აცრის პროცესში ჩაბმისაგან და მიზეზად მოჰყავდათ თავიანთი სურვილი, რომ მათ ცისფერ სისხლს, ძროხის გამონაწველი არ შერეოდა!

სამწუხარო რეალობამ აჩვენა, რომ ყვავილით ყველაზე მაღალი ინფიცირება და ლეტალური შედეგები სწორედ აუცრელი არისტოკრატების ოჯახებში დაფიქსირდა…

ჯენერის აღმოჩენის წარმატების ამბავი ევროპაში მალე გავრცელდა. ნაპოლეონმა, რომელიც იმ პერიოდში ბრიტანეთს ეომებოდა, აცრა ყველა თავისი ჯარისკაცი, ინგლისელი ექიმი მედლით დააჯილდოვა და მისი თხოვნით ორი ტყვეც კი გაათავისუფლა. ნაპოლეონმა თქვა, რომ ის უარს ვერ ეტყოდა კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კეთილმყოფელს!

1798 წელს ედუარდ ჯენერმა ნაშრომში: „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი, როგორც ძროხის ყვავილი“, პირველად გამოიყენა ტერმინი „ვაქცინაცია“, როგორც მომდინარე Variolae vaccinae-დან (ძროხის ყვავილი). მოგვიანებით, ლუი პასტერმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად, აღნიშნული ტერმინი უნდა გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც შექმნიდნენ.

1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი სრულად აღმოფხვრილ დაავადებად გამოაცხადა, ხოლო თავად ვაქცინამ საფუძველი ჩაუყარა მრავალ აღმოჩენას იმუნოლოგიაში და შესაძლებელი გახადა ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორებიცაა: წითელა, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი B, გრიპი, ტუბერკულოზი, დიფტერია, პოლიომიელიტი და სხვ.”, – წერს ელისაბედ კუჭავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები