რამაზ გერლიანის და: რა განცდასაც ჩემი ძმის მანქანაში დატოვებული წერილი ტოვებს, ეს არის, რომ მან უსუსურად იგრძნო თავი, რადგან სასამართლოს მიმართა და არავინ ყურადღება არ მიაქცია

ავჭალის პოლიციის სამმართველოსთან ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის პროცედურებს გერლიანის ავტომობილს უტარებენ, რომელიც მან ავჭალის სამმართველოს წინ, სადგომზე დატოვა. გამოკითხვაზე იმყოფებიან გერლიანის ახლობლები.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა “ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიციელს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.

ლანა გერლიანის თქმით, მისი ძმა, რამაზ გერლიანი ოჯახის წევრებს აფრთხილებდა, რომ მათზე მოსმენები მიმდინარეობდა.

“მე ვიცი, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ძმას და ჩემი ძმის კერძო საკუთრებაში გადააჭარბა უფლებამოსილებას. რა განცდასაც ჩემი ძმის მანქანაში დატოვებული წერილი ტოვებს, ეს არის, რომ მან უსუსურად იგრძნო თავი, რადგან სასამართლოს მიმართა და არავინ ყურადღება არ მიაქცია. საბუთების უკან არის მიწერილი, რომ იქნება ახლა მაინც მომაქციოთ ყურადღება, რომ ჩემი მანქანა გასინჯოთ, მანდ მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული, ამას ითხოვდა წინათაც, აქვს განცხადებები გაკეთებული. გვეუბნებოდა, გვაფრთხილებდა, რომ ოჯახის ყველა წევრზე მიდის მოსმენები”, – აცხადებს ლანა გერლიანი.

შეგახსენებთ, ახლობლების ინფორმაციით, ეკონომიკური ექსპერტი, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა.

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს…დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ, დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ, ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – წერს რამაზ გერლიანი.

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტი, რომელიც რამაზ გერლიანმა გამოაქვეყნა, აღარ იძებნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები