5 შვილის დედის გაუსაძლისი ყოფა – ვის დარჩება შვილები აღსაზრდელად, სოცმუშაკის დასკვნაზეა დამოკიდებული

დედა, რომლის 10 წლის შვილიც თვითმკვლელობას ცდილობდა, სახელმწიფოსგან დახმარებას ელის. ლუიზა კაციაშვილი მეუღლემ მიატოვა და 5 შვილს მარტო ზრდის. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ის თბილისში, სამგორის რაიონში ცხოვრობს, ლუიზა წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ კავთისხევიდან არის. ის თავს სოციალურად დაუცველად მიიჩნევს, თუმცა სტატუსი დღემდე ვერ მოიპოვა. როგორც „კვირას“ ლუიზა კაციაშვილმა განუცხადა, მას შვილების მხოლოდ დაბადების მოწმობები აქვს და არც ერთი მათგანი ბინაში ჩაწერილი არ ჰყავს.
ლუიზა კაციაშვილმა ოთხი შვილი მეურვე ოჯახიდან საკუთარი სურვილით წამოიყვანა, რის გამოც მას პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტება დააწერინეს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვების ბედს ერთ კვირაში გადაწყვეტს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გადაწყდება შვილების აღზრდას ლუიზა კაციაშვილი თავად გააგრძელებს, თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეურვე ოჯახი.
პრეისტორია
ლუიზა კაციაშვილი მეუღლემ – კაზარ კარაპეტიანმა შარშან, აგვისტოში მიატოვა და ხუთ შვილს მარტო ზრდის. შვილების სარჩენად დედამ სამგორის რაიონის ერთ-ერთ სასადილოში მუშაობა დაიწყო, ბავშვები კი მთელი დღის განმავლობაში უმეთვალყურეოდ იზრდებოდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვები სკოლას ხშირად აცდენდნენ და ზედმეტად გაჭირვებულები იყვნენ, სკოლის მანდატურმა სამგორის რაიონის სოციალურ სახლს მიაწოდა. სოცმუშაკის დახმარებით ლუიზა კაციაშვილის ოთხი შვილი დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში ერთ-ერთ ოჯახს მიაშვილეს. 9 წლის ლუკას და მისი სამი დის მეურვე ჯულიეტა ბიბილაშვილი გახდა. შესაბამისად, ბიბილაშვილების ოჯახს ბავშვების პასუხისმგებლობასა და მეურვეობაზე სამთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. ჯულიეტა ბიბილაშვილის კეთილშობილებით და ზრუნვით ბავშვებიც და დედაც დღემდე კმაყოფილები არიან. თუმცა, სამთვიანი ხელშეკრულების შემდეგ, მცხეთა-თიანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით, ბავშვებს ახალი მეურვე შეურჩიეს. ლუიზა კაციაშვილის ოთხი შვილის აღზრდა იმავე სოფელში, ბულაჩაურში ლენა ოდიშერიძემ იტვირთა.
როგორც „კვირას“ ლუიზა კაციაშვილმა განუცხადა, ოდიშერიძეებთან ხელშეკრულება მშობლის სურვილისამებრ გაფორმდებოდა.
„როდესაც ეს სოციალური მუშაკები მოვიდნენ, ისეთ დღეში ჩავვარდი, ბავშვებს არ ვატანდი. მათ მითხრეს, რომ ბავშვებს მეურვეობას სხვა ოჯახი გაუწევდა და სანამ ბავშვები იქ იქნებოდნენ, ჩემს სახლს გაარემონტებდნენ. ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს შემიქმნიდნენ. დამპირდენენ, რომ სახლში გაზს და ელექტროენერგიას შემოიყვანდნენ. გაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპარლამენტო არჩევნების წინ გამიკეთეს. როგორც კი არჩევნები დასრულდა, გაზი გამითიშეს და ახლა ქვითარი მომივიდა – დავალიანება 558 ლარი გერიცხებაო. არადა, რამდენი ხანია გაზი არ მაქვს სახლში. მითხრეს, მოვალთ სახლში და ამ თანხის შესაბამის ნივთს წავიღებთო. რა უნდა წაიღონ ჩემი სახლიდან… ერთი საწოლი დგას და იქ სამ შვილს სძინავს.
სოცმუშაკებმა მითხრეს, ბავშვები სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იქნებოდნენ და კარგ პირობებში აღიზარდებოდნენ. მანამდე ამ ბინას გააკეთებთო და მერე ბავშვებს ისევ უკან დამიბრუნებდნენ. თუმცა, რაც ბავშვები წაიყვანეს, დღემდე არავინ მოსულა. სოციალური სტატუსიც არ მაქვს. რამდენი განცხადება დავწერე, დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. განცხადება ოთხჯერ დავწერე. დახმარებისთვის სამგორის გამგეობას მივმართე, მერე მითხრეს, აქ არა ხარ ჩაწერილიო. კასპში მივედი და იქ მითხრეს, ბინა აქ არ არისო და აქედან დახმარება როგორ უნდა მოგცეთო. კასპიდან თბილისში მიშვებენ, თბილისიდან კასპში და ასე… ვერაფერს მივაღწიე, სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებ, ერთ თეთრსაც არავინ არ მაძლევს“, – ამბობს ლუიზა კაციაშვილი.
ლუიზა კაციაშვილის ოჯახური პრობლემები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მისი ოთხი შვილის მეურვეობა ბულაჩაურში ლენა ოდიშერიძის ოჯახს დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ გაშვილებული ბავშვებიდან ერთ-ერთი ეპილეფსიითაა დაავადებული და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბავშვების ინფორმაციით, მათ ოდიშერიძეები ფიზიკურად ამუშავებდნენ, აშიმშილებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ.
„საჭმელს არ მაჭმევდნენ… იმას აკეთებდა, რაც ჩვენ არ გვიყვარდა… იმ ქალის შვილიშვილი „პიურეს“ ჭამდა. მეც მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, აღარ არისო. მათი შვილიშვილები რამეს რომ გააფუჭებდნენ, მე მბრალდებოდა. იმ ბავშვებს ვეჩხუბებოდი, ნურაფერს ნუ აფუჭებთ – მეთქი. მე და ჩემი და სათოხარში დავყავდით. დილით 7 საათზე გვაღვიძებდნენ და დღის ბოლომდე ყანაში ვმუშაობდით“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას 9 წლის ლუკა.
შვილების მეურვე ოჯახთან პრეტენზიები ლუიზა კაციაშვილსაც აქვს.
„ელენიკო წაქცეულიყო და ხელი ნაღრძობი ჰქონდა, ცხვირი კი გატეხილი, ბავშვს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ორ თვეში ლუკა სამჯერ იყო ცუდად, სიცხეები ჰქონდა. როცა ბავშვს უჭირდა, არასდროს მირეკავდნენ. მხოლოდ მაშინ მირეკავდნენ, თუ ჩემი შვილები ბავშვურად რაღაცას იცელქებდნენ. როცა ვკითხე, ელენიკო ცუდად რატომ არის -მეთქი, მიპასუხა, ძირიდან რაღაც შეჭამაო. ანუ ყურადღებას არ აქცევდა, ბავშვმა ძირიდან რატომ უნდა შეჭამოს რაღაცა?
შვილების სანახავად რომ მივდიოდი, ერთხელ ასე მითხრა, შენ გცემ პატივს, თორემ შენს შვილებს ეზოში გამოგიყვან და აქ გაჩვენებო. არადა, როცა ჩემს შვილებს ჯულეტა ბიბილაშვილი უვლიდა, იქ ღამითაც ვრჩებოდი. ჩემი შვილებიც კმაყოფილები იყვნენ და მეც. ჯულეტამ ტანსაცმელიც უყიდა და დღემდე ის აცვიათ. ამათთან ბავშვები ფეხშიშველები დადიოდნენ“, – ამბობს 5 შვილის დედა.
სამი დღის წინ დედამ შვილები მოიკითხა და 15 წლის მარიამს ესაუბრა. მარიამმა დედას ძმის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი უამბო.
„ოთახში რძეს ვსვამდი და ლენას შვილიშვილმა მითხრა, შეხედე,შენს ძმას შეხედეო და დავინახე, ჩემს ძმას თოკი მოეჭირა და თავს იხჩობდა. მივედი და ჩამოვხსენი. მეორე დღეს ყანაში წაგვიყვანეს და მთელი დღე საპრესში ვმუშაობდით. მთელი დღე ფოცხი მეკავა ხელში“,- ამბობს მარიამი.
თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ბავშვების მეურვეებმა დედას ინფორმაცია დაუმალეს. კაციაშვილმა დახმარებისთვის სოცმუშაკს მიმართა, თუმცა მან მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.
„ჩემმა შვილმა თვითმკვლელობა სცადა და მეორე დღეს ბავშვები ყანაში სამუშაოდ წაიყვანეს. ჩემი მარიამი ეპილეფსიითაა დაავადებული და ექიმმა მისთვის მზეში ყოფნა კატეგორიულად ამიკრძალა. ბავშვი დღემდე წამლებზე მყავს. ბოლოს ექიმმა დოზაც კი გაუზარდა. ჩემი შვილი თავს იკლავდა და ლენამ არაფერი მითხრა, თითქოს არაფერი მომხდარა. მერე გავიგე, რომ ლუკაზე უთქვამს- ფსიქიკურად ვერ არისო“, – ამბობს ლუიზა კაციაშვილი.
„კვირა“ ბავშვების მეურვეს ლენა ოდიშერიძეს დაუკავშირდა. მან ლუკას თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი კატეგორიულად უარყო და სულ სხვა ამბავი გვიამბო.
„ვიდრე ამ ბავშვებს ჩემს სახლში მოიყვანდნენ, დუშეთის რაიონის სოცმუშაკებმა ჩვენი სახლი შეამოწმეს. მეზობლებშიც კი გაიკითხეს ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი. ჩვენი ოჯახი აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ბავშვების მეურვეობას ესაჭიროება. როცა ბავშვები მოიყვანეს, სახელმწიფოს ფული ჯერ კიდევ გადმორიცხული არ ჰქონდა. მე და ჩემმა მეუღლემ ბაზრობაზე წავიყვანეთ და ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, ჩვენი სახსრებით შევუძინეთ. ლუკა და მარიამი სულ ჩხუბობდნენ, ვაშველებდი, ვატყობდი, მარიამს ჩვენთან ყოფნა მოსწონდა, მაგრამ ლუკა სულ დედას კითხულობდა. სოცმუშაკი რამდენჯერმე გვამოწმებდა. მათი მოთხოვნით ლუკა და მარიამი თბილისში ფსიქოლოგთან დაგვყავდა. ვამჩნევდი, რომ ლუკა ძალით იწვევდა მარიამს. ფსიქოლოგთან რომ წავიყვანე, ოთახიდან ლუკა მოწყენილი გამოვიდა, მარიამმა კი მითხრა, ლუკა დააბრუნონ სახლში და მე თქვენთან დავრჩებიო.
არავითარი თვითმკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. სამ შვილს ვფიცავ, ლუკა ძალიან ეშმაკი ბავშვია. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, ვერც კი გადმოგცემთ. მოწმეც კი მყავს… ლუკას ტანზე შემოეხვია თოკი და ბოძზე მიება თავი, ჩემი ოჯახის წევრებიც იქ იყვნენ, მარიამი ჩემს ქმართან ერთად რძეს სვამდა იმ დროს. ისეთ რაღაცებს ამბობს კაციაშვილი, რომ სოფელში ცხოვრების მრცხვენია. ყანაში იმიტომ დამყავდა, რომ მეშინოდა სახლში მათი მარტო დატოვების, იმიტომ რომ სულ ჩხუბობდნენ. ლუკას მუშაობა რად მინდოდა? ჩემი ქმარი მუშაობდა. თიბვისას კიდევ სამი მუშა დავიქირავეთ. 9 წლის ბავშვს როგორ ვამუშავედი“? – აცხადებს ლენა ოდიშერიძე.
მისი თქმით, მან ბავშვების მოვლაში სახელმწიფოსგან 2200 ლარი მიიღო. ამ ოჯახში ლუიზა კაციაშვილის შვილებმა თითქმის ორი თვე გაატარეს.
ლუკას თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ლუიზა კაციაშვილმა შვილები საკუთარ სახლში წამოიყვანა. პოლიციის განყოფილებაში ოქმი გაფორმდა და დედას შვილების აღზრდა მთლიანად დაეკისრა. ლუიზა კაციაშვილის პრობლემები დღემდე აქტუალურია. ის ამბობს, რომ სოციალური მუშაკების უყურადღებობის გამო სასამართლოს მიმართავს.
მომხდარის შესახებ „კვირა“ რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა. დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ვარსემაშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა და სოცმუშაკ ლალი უნდილაშვილთან გადაგვამისამართა. „კვირას“ მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, ლალი უნდილაშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სატელეფონო კომენტარისგან თავი შეიკავა სამგორის რაიონში მდებარე სოციალური სახლის სოცმუშაკმა ნინომ, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაკაჩიამ განუცხადა, ლუიზა კაციაშვილის მშობლები და ძმა, რომლებიც კასპში ცხოვრობენ, სოციალურ დახმარებას დღემდე იღებენ. შესაბამისად, მათ სოციალურად დაუცველთა სტატუსი აქვთ. რაც შეეხება თავად ლუიზა კაციაშვილს, გიორგი კაკაჩიას თქმით, მას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არასოდეს მიუმართავს და, შესაბამისად, მისი შეფასება არ განხორციელებულა.
როგორც „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, ლუიზა კაციაშვილის ოთხი შვილის აღზრდა სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში თავის თავზე აიღო.
„სკოლის მანდატურის მომართვის საფუძველზე, ბავშვები 2014 წლის თებერვალში გაყვანილები იყვნენ ოჯახიდან. ჩვენი ინფორმაციით, მანდატურის სამსახურმა მიმართა სოციალურ სააგენტოს, რადგან ბავშვები სასწავლო პროცესს ხშირად აცდენდნენ და ისინი სკოლაში არაჰიგიენურ მდგომარეობაში დადიოდნენ. ამ მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ ჩვენი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და, შესაბამისად, ბავშვები გაყვანილები იყვნენ ოჯახიდან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში, რაც გულისხმობს სამი თვის მომსახურებას. როდესაც ეს ბავშვები მეურვის ოჯახში იყვნენ, დედა ხშირად მიმართავდა იმ ოჯახს და ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, იმიტომ რომ გადაუდებელი მინდობით ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა და ეს ქალბატონი მუდმივად ინტერესდებოდა, თუ რა თანხას ღებულობდა ოჯახი, ან როგორ ხარჯავდა ეს ოჯახი ამ თანხას.
გადაუდებელი მინდობით აღზრდის მერე, ეს ბავშვები გადაიყვანეს მეორე ოჯახში. იყო მცდელობა, რომ ბავშვები გადაეყვანათ კასპში, რადგან ამ ბავშვების ბებია და ბიძა კასპში ცხოვრობენ, მაგრამ ამ ქალბატონის ჩარევის შედეგად იმ ოჯახმა უარი თქვა ამ ბავშვების მიღებაზე. ამის შემდეგ ბავშვები ბულაჩაურში, კიდევ ერთ მინდობით აღმზრდელობით ოჯახში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ლუიზა კაციაშვილი ძმასთან ერთად მივიდა, მოკიდა ბავშვებს ხელი და წამოიყვანა“, – აცხადებს გიორგი კაკაჩია.
მისი თქმით, ამ ქალბატონს ბავშვების დაბრუნება სურს.10567741_785931644762664_429582397_o
„ბავშვების საბოლოო დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რადგან იყო არასათანადო მოპყრობის შესახებ მომართვა. რეალურად ეს ქალბატონი ვერ ჩამოყალიბდა, კასპში დარჩება თუ ისევ თბილისში დაბრუნდება. კასპში თუ დარჩება, ამ ბავშვების უკან დაბრუნების უფრო დიდი შანსი აქვს, ვინაიდან იქ ოჯახური ატმოსფეროა და რეალურად შეფასება შეიძლება დადებითი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი თბილისში წამოვა, მას თბილისში არც ბინა აქვს და არც გასაჩერებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, რისკის ქვეშ დადგება ოთხი ბავშვის მდგომარეობა. ეს ქალბატონი ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, სად რჩება. საბოლოოო გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მივიღებთ,“ – ამბობს გიორგი კაკაჩია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები