ოკუპირებული ცხინვალი გატაცებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ომის დანაშაულები, ხანდაზმულობის მიუხედავად, დაისჯება”, – ამის შესახებ სეპარატისტული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
“დაისჯებიან “საზღვრის” დამრღვევები, მათ შორის, ისინი, ვინც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიასა და საომარ მოქმედებებში დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში”, – წერია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყოფილი ჯარისკაცი, მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. როგორც მისი ადვოკატი, ნიკა ლეგაშვილი აცხადებს, ის სასტიკადაა ნაცემი.
ამასთან, ამავე ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალი 9 დეკემბერს დაკავებულ კახაბერ ნათაძესა და ვლადიმერ კანიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკების კონტრაბანდას ედავება, რადგან ერთ-ერთს “მარიხუანა აღმოუჩინეს”, თუმცა, რომელს, დაკონკრეტებული არ არის.
მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.