მაკა ბულეიშვილი – „ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები“
„რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დაგვიჯერონ, მოგვყვნენ“, – ამის შესახებ პროფესორმა, თერაპევტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა – მაკა ბულეიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, ნატალი ხარაიშვილის საავტორო გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” განაცხადა.
მედიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები, რაც, ამ ეტაპზე, გართულებული ეპიდვითარების პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
„რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დაგვიჯერონ, მოგვყვნენ. როგორც ვიცით, ამ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ქვეყანა მოიცვა „დელტა“ შტამმა და რამდენიმე თვეა, დაინფიცირების ყველაზე მეტი ნიშნული გვაქვს… სამწუხარო მაჩვენებელია გარდაცვლილთა რიცხვი, შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
მედიცინის დოქტორი აცხადებს, რომ, აქტიური საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარკვეული კითხვები და მას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, თავის მხრივ კი, მოსახლეობა მედიკოსებს უნდა ენდოს და გაუფრთხილდეს საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი კამპანია ჩატარდა, როგორც მასმედიამ, ასევე ყველამ – დაწესებულებებმა, სამინისტრომ იმუშავა. ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, დღევანდელ დღესაც ამიტომ ვართ აქ, რომ კიდევ არის ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვები.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ შეკითხვებს პასუხი გავცეთ. მოგეხსენებათ, ამ თემებზე არის მითქმა-მოთქმა. ყველას, ცხადია, თავისი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ როცა წინ წამოწულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები და ვხედავთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან მხნედ, მაგრამ – ძალიან ყურადღებით. გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ექიმები გვეუბნებიან“, – აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.