კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მერაბ ჩუხუამ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ცენტრის მიმდინარე საქმიანობასა და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე. მისი განცხადებით, ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩერქეზი ხალხის ეთნიკურ და პოლიტიკურ ისტორიასთან, ადიღურ ენებთან, ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული პრობლემატიკის კვლევას, ქართულ-ჩერქეზული სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისათვის ზრუნვას, სამეცნიერო, საცნობარო თუ მხატვრული ლიტერატურის თარგმნას/შექმნასა და გამოქვეყნებას.

სხდომაზე მერაბ ჩუხუამ აღნიშნა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით დაგეგმილია, მოეწყოს საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციები და ონლაინ შეხვედრები დარგის სპეციალისტების, მათ შორის ჩერქეზი მეცნიერების მონაწილეობით; დამყარდეს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები ჩერქეზულ სამეცნიერო, სალიტერატურო და სახელოვნებო ორგანიზაციებთან. მომხსენებელი გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში, თბილისში აფხაზური კულტურის ცენტრის დაარსების თაობაზე.

მომხსენებელმა განაცხადა, რომ სამოქმედო პროგრამის გეგმაზომიერი განხორციელება გულისხმობს არამარტო ქართულ-ჩერქეზული კავშირების განმტკიცებას, არამედ აფხაზებთან, აბაზებთან და სხვა კავკასიელ ერებთან ურთიერთობების აღდგენა-განვითარებასაც. სხდომაზე, კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა დაურ ბუავამ, რომელიც არის აფხაზი და ბოლო ორი თვეა ცხოვრობს თბილისში. მისი განცხადებით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია სახალხო დიპლომატია და მასში თითოეული ჩვენი მოქალაქის აქტიური ჩართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები