“ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე ყველა თემა არის ღია – ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ოპოზიციის ქმედებებზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა გაგრძელდება, ერთადერთი მყარი პოზიცია, რაც მმართველი ძალისთვის უცვლელი რჩება რიგგარეშე არჩევნების საკითხია. კობახიძის განმარტებით, 2024 წლამდე არჩევნების თემა დახურულია.
„დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე იყო მსჯელობა. ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია – ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ ყოვლისა, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადეთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებულები, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესი იყოს, კერძოდ, პოლიტიკურ სისტემაში უკეთესი მოცემულობა იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კონსულტაციები თუ იქნება სხვადასხვა თემაზე, კანონპროექტზე, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მზად ვართ შეხვედრისა და კონსულტაციებისთვის, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება. ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.