პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით
მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთა. მან მედიისთვის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.
“მთავრობის თავდაპირველი ნდობაგამოცხადებული შემადგენლობა, როგორც ცნობილია, ერთი მესამედით განახლდა. კონსტიტუციის 81-ე 1-ლი პრიმა მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს გადაუგზავნა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად. პარლამენტს აქვს 7 დღე, რათა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უყაროს. იმ შემთხვევაში, თუ ნდობის გამოცხადება არ მოხდა, კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები გაგრძელდება – თავდაპირველად მეორედ ეყრება კენჭი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ნდობის მოპოვება, უკვე პარლამენტის წევრთა 2/5-ის მიერ ხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის შერჩევა. თუ პარლამენტმა ამ შემადგენლობასაც არ გამოუცხადა ნდობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს საკანონმდებლო ორგანოს. ეს არის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური პროცედურა”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ნდობის გამოცხადება ხდება მთავრობის მთელი შემადგენლობის და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისთვის.