მიხეილ სააკაშვილი შერიგებასთან დაკავშირებით გატყუებთ, ვის ურიგდებით? კაცი ამბობს, ბოდიშს არ მოვიხდიო,- ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს ვინმე შეიწყალებს, საქართველოში ინსტიტუტები ჩამოიშლება.
„მინდა, განცხადება გავაკეთო ამ ყბადაღებულ შერიგებასთან დაკავშირებით. ეს თემა აიწია, პარტია იქნება, თუ ორგანიზაცია, ყველას ყურამდე მიდის ის, რომ ნელ-ნელა ადამიანები ჭორაობენ იმაზე, რომ საკააშვილის გამოშვებაზეა საუბარი. მინდა, ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც, როგორც ვიცი, ამერიკის პრეზიდენტს ელაპარაკება. ამერიკის პრეზიდენტს კი არა, თქვენს ხალხს ელაპარაკეთ აქ, ქალბატონო პრეზიდენტო. ისე არ გააკეთოთ, რომ ერთი ადამიანების ჯგუფს შეურიგდეთ და მეორე მტრად გადაიკიდოთ. თუ როდესმე ხელს სააკაშვილის შეწყალებაზე მოაწერთ, ერთ ხელში კალამი უნდა გეჭიროთ , რომლითაც შეიწყალებთ და მეორე ხელით გადადგომის შესახებ უნდა წერდეთ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს.
ასევე მინდა, ვუთხრა „ოცნებას“: 18 წლის განმავლობაში სამართლიანობის აღსადგენად ვწვალობთ ადამიანები და სჯობს, სამართლიანობა აღადგინოთ, ყველაფერს თავის სახელი დაარქვათ, ვინ ვინ არის და შემდეგ ვილაპარკაოთ შერიგებაზე. იმიტომ, რომ შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გატყუებთ. ისევე როგორც კოჰაბიტაცია ჰქონდათ, რა მოიტანა ამან? არაფერი. თუ ამაზე ხელს მოაწერთ, გამოვა ეს ხალხი და იტყვის – ჩვენ ხომ შევრიგდით, რაზე ვსაუბრობთო? დამიჯერეთ „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ თქვენზე ორჯერ მეტს ილაპარაკებს. თქვენ მათ კითხვას ვეღარ დაუსვამთ.
ყველაზე მეტად ის ხალხი დაიტანჯა, ვისაც მიხეილ სააკაშვილმა რეპრესიები მოუწყო. ამ ხალხთან დასხედით, გვერდი არ აუაროთ ასეთ საკითხებში. ეს ადამიანები ირაზმებიან. ჯერ ამ ხალხს დაელაპარაკეთ, შერიგებასთან დაკავშირებით თუ ამ ხალხის სურვილი იქნება, მაგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც გადაწყდეს. სააკაშვილი დღეს საქართველოში პირველი ჯალათია და გორის ჰოსპიტალშია. კაცი მთელი ცხოვრება კოკაინზე დამოკიდებული იყო და დღეს ანტიდეპრესანტებს ასმევენ იმის გამო, რომ ვერ აწყნარებენ. გიჟი დ გადრეული რომაა ხომ ხედავთ, რად უნდა მაგას შერიგება? ვის ურიგდებით? კაცი ამბობს, ბოდიშს არ მოვიხდიო. სასამართლოში თქვა, კარგი პოლიცია შევქმენი და მერე რაც იყო, იყოო. მერე ის იყო, რომ ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აწამებდნენ, ნახევარი საქართველო შავებში გამოაწყვეს. თუ სააკაშვილს ვინმე შეიწყალებს, საქართველოში ყველა ინსტიტუტი ჩამოიშლება. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიჭერენ, თუ ამ ჯალათს გარეთ გამოუშვებენ“, – განაცხადა რობაქიძემ.
ცნობისთვის, ინკლუზიური პროცესის წამოწყების ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს განაცხადა.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკუსიას, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.
ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
„ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა.
ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე.
არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია. როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“, – დაწერა სააკაშვილმა განცხადებაში.