არჩილ თალაკვაძე: დიალოგისა და ინკლუზიური პროცესისთვის კარგი შესაძლებლობაა პარლამენტში

“დიალოგისა და ინკლუზიური პროცესისთვის კარგი შესაძლებლობაა პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება თანმიმდევრულია.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა დიალოგს, მას კონკრეტული წვლილი აქვს შეტანილი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ამიტომ, რასაც ის ამბობს, არის თანმიმდევრული, მისი განცხადებებიც დემოკრატიის ფორუმზე იყო სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული და დაბალანსებული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე დიდი ხანია, აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში პირობებს კარნახობს ვინმეს და სიტყვები, როცა ის ამბობს შერიგებას ან შეთანხმებას, უნდა გავიგოთ ერთადერთი მიზნით ნათქვამი, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტეს მართლმსაჯულებას. “ქართული ოცნება” მუშაობს იმ საკითხებზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ეს არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც ის, დილით რას მიირთმევს. დიალოგისთვის და ინკლუზიური პროცესისთვის დღეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, 9 პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში, ისინი უნდა მობრძანდნენ და რისთვისაც ხელფასებს იღებენ მოქალაქეების გადასახადებიდან, უნდა დაიკავონ და იმუშაონ. პარლამენტი არის ადგილი ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის განხილვისთვის, როცა ადამიანებს არ უნდათ საპარლამენტო პროცესში ჩართვა და ახსენებენ სიტყვა შერიგებას, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს არის ფარისევლობა. რაც შეეხება სააკაშვილს – ის აღარ არის პოლიტიკოსი როცა პირობებს კარნახობს ვინმეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა კი არის თანმიმდევრული, რადგან ის ადრეც უჭერდა მხარს დიალოგს და დღესაც, როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ლიდერი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები