ლევან იოსელიანი: ჩვენი პარტიის მხრიდან გამოვთქვამ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ინკლუზიურ პროცესში
„მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას. ჩვენი პარტიის მხრიდან გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ იმ ინკლუზიურ პროცესში, რაც ქალბატონმა სალომემ დააანონსა იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყნას დღეს გააჩნია”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ინიციატივის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ დიალოგი და შერიგება უნდა იყოს გულწრფელი და დაფუძნებული რაღაც აღიარებებზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გადაიზრდება ისევ ურთიერთბრალდებებში.
„ამიტომ, გულწრფელად მინდა, ეს ვითარება შეიცვალოს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ორი ფერი არ არის მარტო – წითელი და ლურჯი.
ვართ მრავალფეროვანი საზოგადოება, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს აბსოლუტურად განსხვავებული მოლოდინები აქვს და აბსოლუტურად არ ადარდებს ამ ორი პარტიის ბედ-იღბალი მაინც და მაინც, არამედ ადარდებს ამ ქვეყნის ბედ-იღბალი და მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის თანდაყოლილი ბელადომანია”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.