პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ხელი მოაწერა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის პრესმდივანმა თინათინ მჟავანაძემ განუცხადა ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი წარდგინება ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
მისვე განმარტებით, პრეზიდენტის წარდგინება საკანონმდებლო ორგანოს ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა გუშინ წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები ორი დღის წინ დაასახელა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე – გიორგი მღებრიშვილია წარდგენილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ დანელია, კულტურის მინისტრად – მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად – დავით შავლეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად – გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები