ხატია წილოსანი – „რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საკითხებში, შედეგები მით უფრო უკეთესი იქნება”
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ღვინის მუზეუმისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის საკითხებს შეეხებოდა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ალექსანდრეს, რომ დაინტერესებულია ამ საკითხებით. გულწრფელად ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ქართული კულტურის, რომელიც ღვინოში გამოისახება, პოპულარიზაციის საკითხებში, შედეგები მით უფრო უკეთესი იქნება.
ძალიან მნიშვნელოვან წილად პოპულარიზაციის პროგრამების განხორციელება ხდება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე და ერთ საკითხში ვერ დავეთანხმები ბატონ ალექსანდრეს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ფრანგულ ღვინოსთან მიმართებაში ნაკლებია, შეიძლება, პირიქითაც ითქვას! ძალიან მაღალ დონეზეა ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესებული და ამისთვის გაძლიერებულია როგორც ლაბორატორიული შესაძლებლობები, ისე – კონტროლის სისტემები.
ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის სათანადო დონეზე წარმოჩენას და საერთაშორისო დონეზე მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო გამყარებას და ამაღლებას. რაც შეეხება მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხს – მინდა ავღნიშნო, რომ სოფელ ჯიღაურაში არსებობს სამეცნიერო კვლევითი ბაზა, სადაც დაცულია უნიკალური ქართული ჯიშები, 527 ქართული ჯიში და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი გამორჩეული მახასიათებლების მქონე ჯიშები და სწორედ ამ ჯიშების პოპულარიზაციისთვის და სამუზეუმო საკითხების უკეთესად წარმოსაჩენად, ჯიღაურაში აშენებულია მუზეუმი. აქ ასევე არის უნიკალური მარანი და მომავალი წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს ამ ადგილს, დაათვალიეროს, გაეცნოს ქართული მეღვინეობის და ღვინის კულტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და ადგილზე მოინახულოს ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც საქართველო მსოფლიოს წინაშე ამაყობს და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მეღვინეობის აკვანია”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.