შალვა კერესელიძე: პარტია „საქართველოსთვის” მოუწოდებს მმართველ პარტიას, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს
„პარტია „საქართველოსთვის” საპარლამენტო ჯგუფი მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით მოხდეს ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, რათა ახლადარჩეულმა საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა და თავიდან ავიცილოთ ფარული და კორუფციული გარიგებით მიღებული გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ, კვლავ გრძელდება ახლადარჩეულ, საკრებულოს წევრების მიმართ მუქარა.
„იმისთვის, რომ კრიზისი განმუხტულიყო და საკრებულოებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა, ჩვენმა გუნდმა, როგორც „ქართულ ოცნებას”, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც მეტი ხმის მქონე პარტიებს, შევთავაზეთ, შეთანხმებულიყვნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო წამყვან თანამდებობებზე.
ჩვენ ამ პოზიციას განვიხილავდით და მხარს დავუჭერდით მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოებში პროცესი არ შეფერხებულიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს საკრებულოების შეუფერხებელი ფუნქციონირება, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც ჩვენს გუნდს მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა და მანდატები მისცა, წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე დღესვე დაიწყო გადმობირებები, მოსყიდვები, ფარული მოლაპარაკებები, რაც, სამწუხაროდ, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლების დიდი შეურაცხყოფაა. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა პოზიციებზე არჩევა უნდა განხორციელდეს საკრებულოში ღია კენჭისყრის პრინციპით.
მოქმედი კანონის მანკიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ მმართველ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა, უგულვებელყოს ამომრჩევლის ნება და მაქსიმალურად დააკომპლექტოს თავისი წარმომადგენლებით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, სხვადასხვა პოზიციებზე. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ აღნიშნული კანონპროექტი, რომ საჯაროდ გამოვლინდეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ყველა პოლიტიკური პარტიის უკანონობა, პოლიტიკური ვაჭრობა და, რაც მთავარია, გამოირიცხოს პოლიტიკური პარტიების სპეკულაციები და ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ღია და ნათელი გახდეს თითოეული საკრებულოს დეპუტატის კეთილსინდისიერება და დამოკიდებულება მისი ამომრჩევლისადმი”,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.