“თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციის შანსი არ აქვს.
“თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამაზე? დამნაშავე იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს მას თავის სასჯელის მოხდა, ეს არის და ეს. “ნაცმოძრაობას” არავითარი შანსი რევოლუციის და არჩევნების მოგების ამ ქვეყანაში არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მის უკან არ დგას ხალხი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შერიგებაზე განცხადება იყო ძალიან მარტივად გაშიფვრადი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას ან ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მიმართვაში ამბობს: “ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობასა და ამნისტიას ქართველი ხალხისგან. მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა”.