პარლამენტის ბიურომ 14 – 17 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, X მოწვევის პარლამენტის 2021 წლის 14 – 17 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, წინასწარ განსაზღვრულ დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის, კანონპროექტები: „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგს ასევე დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები: „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტი გეგმავს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტების განხილვას, რომელიც გამარტივებული წესით განიხილება.

პლენარულ სხდომათა დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე სხვა საკითხი დაემატა და მთლიანობაში 72 განსახილველ საკითხს მოიცავს. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების და საორგანიზაციო საკითხების შესახებ. ბიურომ ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” და საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ჩარკვიანის მიმართვები ბიუროსადმი პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და 14-17 დეკემბრის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები