ყოფილი სამხედროს, დავით ბაიდარაშვილის განცხადებით, გამოგონილი ბრალდებაა იმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ის რუსეთის აგენტი იყო. ამის შესახებ ბაიდარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ყოფილი სამხედროს თქმით, ის ცილისწამების მსხვერპლი გახდა. როგორც ბაიდარაშვილი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა, თუმცა, საქმის განხილვაზე უარი მიიღო.
„მე ვარ დავით ბაიდარაშვილი, ყოფილი სამხედრო, 2013 -ში თავდაცვის აკადემიაში ვსწავლობდი, შემდეგ საკონტრაქტო სამსახური თავდაცვაში გავაგრძელე. 2018 წელში ჯარიდან წამოვედი.
შაბათიდან დაწყებული ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით შეიცვალა. იმხელა ცილისწამების მსხვერპლი გავხდი, რომ ეს არა მარტო პირადად შემეხო, არამედ მთელს ჩემს ოჯახს, მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. მინდა, ეს ამბავი ყველამ გაიგოს. ვისაც არ მივმართე, ამ საქმეებს არ ვიხილავთო. ეს იყო „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სახალხო დამცველი, რომელმაც მითხრა, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართეთო. ეს იყო მისი პასუხი. ალბათ, დიდი თანამდებობის პირი, ან ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყო, რომ ქალბატონი ნინო დაინტერესდეს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“ მივმართე, განცხადება დაწერილი მაქვს და პასუხს ველოდები.
ამაზე მეტი ადამიანის უფლებების დარღვევა რაღა უნდა იყოს, ადამიანს ბრალს ქვეყნის ღალატში სდებენ, როცა ის თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. პირიქით, მთელი ჩემი ცხოვრება იმით ვსუნთქვადი და ვცხოვრობდი, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. კი ბატონო, ვიყავი რუსეთში,სკოლა, უნივერსიტეტი იქ დავამთავრე, მაგრამ ერთი დღითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ სადმე უცხოეთში დავრჩენილიყავი.“ – განაცხადა ბაიდარაშვილმა.
მისი თქმით, დავით კვეზერელი, რომელთან ერთადაც თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა და მეგობრად მიაჩნდა, მას რუსეთის აგენტობას აბრალებს.
„ხუთშაბათი დღე იყო, „TV პირველის“ ჟურნალისტები მოვიდნენ, კარი გავუღე, სახლში შემოვუშვი. დავით კვეზერელს იცნობთო? კვეზერელი მეგობრად მიმაჩნდა, რა თქმა უნდა, ვიცნობ, ერთად ვსწავლობდით, ვმეგობრობდით-მეთქი. რატომ წავიდა ჯარიდანო? მოგეხსენებათ, თავდაცვის აკადემიაში მსმენელებად ვირიცხებით, შემდეგში თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, სწავლას ვერ ახერხებს და ირიცხება. თუ სწავლას იწყებს 200, ამთავრებს 100 ადამიანი. ანალოგიურად იყო კვეზერელი, ჯანმრთლობის პრობლემა შეექმნა. აკადემიიდან წავიდა. ჟურნალისტებმა მითხრეს, კვეზერელი თქვენ გაბრალებთ ამასო. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, დავიბენი. მე რა შუაში ვარ, რა უფლებამოსილება მქონდა იმისა, რომ კვეზერელი გამეშვა? მე თავად მსმენელი ვიყავი და ამის არანაირი ბერკეტი არ მქონდა. სიუჟეტი რომ ვნახე, გაირკვა, რომ, თურმე არა მარტო იმას მაბრალებს, რომ ჯარიდან მე გავუშვი, არამედ იმასაც, რომ ,თურმე ,რუსეთის აგენტი ვიყავი. ეს უაზრო, გამოგონილი ბრალდებაა, იმდენად აბსურდულია, რომ დეტალების განხილვას არც ვაპირებ.
ამბობს, ტელეფონი ჰქონდაო. ჯარში ტელეფონი აკრძალულია. მისით სარგებლობის უფლება გვქონდა, თუ არ ვცდები, საღამოს 1, ან 2 საათი. დანარჩენი 22 საათი ჩემი ტელეფონი ყუთში ინახებოდა, როგორც ყველასი. ნებისმიერს შეეძლო, გაეხსნა და ენახა, რა ტელეფონი იყო. თუ ფიქრობთ, რომ ჯაშუშები ტელეფონით თავდაცვის აკადემიაში დადიან, ეს აბსურდია.
რა იყო მისი მოტივი? საერთოდ, როცა ხალხი საზღვარგარეთ მიდის, იმისათვის, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს, ეს თხოვნა უნდა დაასაბუთოს, ანუ უნდა დაასაბუთოს, რომ სდევნიან. ალბათ, მან ეს ხერხი გამოიყენა, შეიძლება, ვერც გათვალა რამხელა ზიანი მომადგებოდა. შეიძლება, ეგონა, რომ პატარა სიუჟეტი გაკეთდებოდა და იქ თავშესაფარს მიიღებდა. შეიძლება, თანხაც გადაუხადეს, რადგან ეს ვიღაცის ინტერესებში შედის. მე არ ვარ კვეზერელი, რომ ცილისწამება დავიწყო. ამ დონეზე არ დავეშვები.“ – განაცხადა ბაიდარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშულ საქმესთან და ცილისწამებასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს.
„რამხელა ზიანი მომადგა, ამას ვერავინ მიხვდება. სიტყვით ვერ გადმოგცემთ. ხედავთ, როგორ ვარ ფსიქოლოგიურად, როგორ ვარ აღელვებული , ფიზიკურად 5 კილო მაქვს დაკლებული. ჩემი მშობლები ასაკოვნები არიან. მათზე ძალიან ვნერვიულობ. ვურეკავ ვაწყნარებ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მყავს მცირეწლოვანი ბავშვები, რომელიც სკოლაში დადიან. პირად გვერდზეც მუქარის შემცველი წერილები მომდის.
საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ეს სიბინძურეა. რამხელა ზიანი მიდგა თავდაცვის სამინსიტროს, აკადემიას და მე , ალბათ, ყველა ხვდება. პირველი მომენტი, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს დაკნინებაა. ყოფილი სამხედრო და პატრიოტი ჯარიდან რომ მიდის, არასდროს იტყვის ცუდს.
ყველა სამართლებრივ გზას მივმართავ, რაც არის. რადგან ჩემი სახელი აღდგეს.
კვეზერელს შეიძლება, პირადი მოტივი ჰქონდეს, მაგრამ არ მესმის „TV პირველმა“ რატომ გააკეთა ასეთი სიუჟეტი, არ იცოდა, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა? არ იცოდა, რომ ეს სიცრუეა? ცალმხრივად იყო გაშუქებული, თითქოს, რუსეთის აგენტი ვიყავი. ეს სიუჟეტი დისკრიმინაციული იყო. თუ ჟურნალსიტს ეთიკის ნორმები არ გააჩნია, მორალური ნორმები მაინც უნდა გააჩნდეს, რომ ასეთი სიუჟეტი არ გაუშვას. თუ ასეთი განცხადება იყო, შეეძლოთ, პროკურატურისთვის მიემართათ, გამოძიება დაეწყოთ, მერე გაეკეთებინათ სიუჟეტი. ადამიანი მკვლელიც რომ იყოს, მკვლელს არ ეძახიან, სანამ ამას სასამართლო არ დაამტკიცებს. მოდის ჟურნალისტი და მთელს ჩემს ოჯახს, საგვარეულოს ამხელა შეურაცხყოფას აყენებს.
რატომ დასჭირდა ეს „TV პირველს“ – იმიტომ, რომ თავდაცვის ძალები, ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტია, რომლის მიმართაც საზოგადოების დიდი ნდობაა. დარტყმა მიიტანეს თავდაცვის ძალებზე, რომ, როგორმე დააკნინონ და რეიტინგი დაუვარდეს“ – განაცხადა ბაიდარაშვილმა.