უცნაური სახლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
თანამედროვე ქალაქებში ძალიან ბევრი ერთნაირი სახლია. ასეთი ხედები სულაც არაა სახალისო, მაგრამ მათ შორის ხანდახან რაღაც უცნაური, არასტანდარტული სახლები გამოერევა ხოლმე – ქვის, აგურის, ხის, ერთსართულიანი ან მრავალსართულიანი, მრგვალი, ოთხკუთხედი ან სულაც, ისეთი ფორმის, რომ შესაძლოა თვალებს არ დაუჯეროთ.
აი, რამდენიმე მათგანიც:
დაგრეხილი სახლი პოლონეთში
სახლი აშენებულია იან მარჩის ზღაპრის მიხედვით. ეს მართლაც ზღაპრული სახლია. თითქოს, ახლა შესასვლელი – პირი – გაიღება და რაიმე უცნაურს იტყვის. ირგვლივ კი ცხოვრება დუღს. შენობის შიგნით, პირველ სართულზე სავაჭრო ცენტრია განლაგებული. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება სავაჭრო პროცესი, როდესაც შენობაში ტურისტები სურათების გადასაღებად და სუვენირებისთვის შევლენ.
ქვა-სახლი პორტუგალიაში
ეს მართლაც ერთიანი, დიდი ქვის ლოდია, რომელიც გზაზე დევს. ბუნების ქმნილებაა, რომელსაც ადამიანმა სული შთაბერა. სახლი აგებულია ორ ლოდს შორის. ის ორსართულიანია და სრულიად ვარგისია საცხოვრებლად, მაგრამ უკვე დიდი ხანია, იქ არავინ ცხოვრობს, რადგანაც ტურისტების ნაკადი მარტობიის საშუალებას არ იძლევა.
“პლანეტა” შეიხისთვის
საინტერესო და უცნაური სახლი აშენებულია შეიხ ჰამადისთვის. ის ოვალური ფორმისაა და გაფერადებულია, როგორც დედამიწა. თავდაპირველად, სახლს ემირატების უდაბნოში მოსახერხებელი გადაადგილებისთვის აშენებდნენ. შიგნით 4 სართულია, რამდენიმე სააბაზანო და საძინებელი. შენობას ბორბლებიც აქვს. წარმოგიდგენიათ, როგორ მიგორავს უდაბნოში 12-მეტრიანი “დედამიწა”?! მართლაც უცნაური სანახაობაა…
ამოტრიალებული სახლი გელენჯიკში
2017 წელს კურორტ გელენჯიკში გამოჩნდა გადატრიალებული სახლი, ძალიან ხასხასა და უცნაური. სახლის გარედან და შიგნიდან ყველაფერი უკუღმაა. ყველა დეტალია კარგადაა დამაგრებული იატაკზე, რომელიც ჭერია.
“გიჟური” სასტუმრო ვიეტნამში
გაუდის შემოქმედებით შთაგონებულმა არქიტექტორმა, ჰანგა ნგამ ფანტასტიკური სახლი შექმნა. მისი შედევრი იმდენად არ ჰგავს გაუდის არაჩვეულებრივ არქიტექტურას, რომ ჩნდება კითხვა, სად ნახა მან ასეთი რამ? სახლი მართლაც არარეალურია: გამოქვაბულები, ხეები, გიგანტური ცხოველები, კიბეები და ფანჯრები. აქ არის არა კლასიკური, სწორი კედლები, არამედ მხოლოდ ლაბირინთები და დაგრეხილი ხაზები. ადგილობრივები სახლს “საგიჟეთს” უწოდებენ.
“როგორ მივიდე ბიბლიოთეკამდე?”
ერთ-ერთი შენობა, უცნაური ფასადით, კანზას-სიტიში მდებარეობს. ის წიგნების თაროს მოგაგონებთ, სადაც ისეთი ნაწარმოებებია მოთავსებული, როგორიცაა: “რომეო და ჯულიეტა”, “ბეჭდების მბრძანებელი” და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრები.
სხვა სამყაროს პორტალი იტალიაში
შენობის სარკისებრი ფასადი მალავს მას უცხო თვალისგან. ეს უჩინარი სახლი სხვა სამყაროს პორტალსაც მოგაგონებთ. სინამდვილეში, აქ ორი სახლია: ერთი მფლობელისთვის, მეორე კი სტუმრებისთვის. თანამედროვე, გამჭვირვალე არქიტექტურა გარემოს ერწყმის, თავად სახლი კი, მიწის ზედაპირიდან აწეულია, რაც მის ჰაერში ლივლივის ილუზიას ქმნის.