საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია ჩვენთვის და გვქონდა შესაბამისი რეაგირება
ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. საგარეო უწყება განმარტავს, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია და უწყებას შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება ჰქონდა.
„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყებამ 3+3 ფორმატის შეხვედრამდე რამდენიმე დღის ადრე, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.