თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადების და წვრთნების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადებისა და წვრთნების შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7-ის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ, სამხედრო განათლების მიმართულებებზე და ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტებზე ისაუბრა. განათლების მიმართულებებზე საუბრისას, გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება ოფიცერთა სამხედრო განათლების სისტემაზე გაამახვილა, რომელიც უმაღლესი სამეთაურო პროგრამას, სამეთაურო-საშტაბო პროგრამას, კაპიტნის საკარიერო კურსის და უმცროსი ოფიცრის სპეციალიზაციის პროგრამებს მოიცავს.
„სამხედრო განათლების პოლიტიკა ხორციელდება ბოლონიის პროცესის შესაბამისად და უმაღლესი სასწავლებლისათვის ყველა ის სტანდარტი და რეგულაცია არსებობს, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. სამხედრო აკადემიას ჩვენ ოფიცერთა სამჭედლოს ვუწოდებთ. ჩვენი ამოცანაა ქვეყნისა და სამინისტროსთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება”, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და გენერალ გიორგი კვინტრაძის კადეტთა სამხედრო ლიცემზეც ისაუბრა, რომელთაც წარმატებული პროექტები უწოდა. მისი განცხადებით, სამხედრო ლიცეუმში, სადაც 11-12 კლასის მოსწავლეები სწავლობენ, მსმენელთა 25%-ს გოგონები შეადგენენ. მისივე თქმით, ლიცეუმის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს უმაღლესი შედეგებით აბარებენ, რაც ლიცეუმის აკადემიურობის ხარისხზე მეტყველებს. რას შეეხება საბრძოლო მომზადების და წვრთნების ნაწილს, რომელზეც პრეზენტაცია პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ წარმოადგინა, აღნიშნული საკითხის განხილვა, კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში ჩატარდა.
„კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, პირველი წელია, როდესაც კომიტეტში აქტიურად ვიბარებთ სამხედრო მოსამსახურებს საკომიტეტო მოსმენებზე და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში გასვლით შეხვედრებსაც ვმართავთ, რათა ადგილზე შევაფასოდ მიღწეული შედეგები და გადავამოწმოთ საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.