კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, დადებითია, რომ ეს არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული
“არჩევნების შესახებ ოდირ-ის ანგარიშში ძალიან ნათლად ჩანს მათი შეფასება, რომ წინასაარჩევნო კამპანია, პირველ რიგში, ღრმა პოლარიზებით ხასიათდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჰარცელმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
“მათ ასევე შენიშნეს ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები, არათანაბარი საარჩევნო პირობების არსებობა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. ვფიქრობ, დადებითია, რომ ეს არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული. ასევე ვიტყოდი, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნოდ შესულმა ცვლილებებმა დადებითი წვლილი შეიტანა ამ არჩევნებში. ამჟამად, არსებულ ვითარებას თუ გადავხედავთ, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივ დონეზე შეთანხმება მოხერხდება, თუმცა ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება. და ალბათ სერიოზული, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, სიტუაცია არც ისე დამაიმედებლად გამოიყურება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.