მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რადგანაც ნატო უნიკალური ორგანიზაციაა და არცერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გაფართოებასთან დაკავშირებით ნატოს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მკაფიო და ნათელია, რომ ბუქარესტის სამიტის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, არ გადაისინჯება.
„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები. ის, რომ, ყველა ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატოს კარი ღიაა, ეს არის ნატოსა და ამ შემთხვევაში, საქართველოს გადასაწყვეტი.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო განმეორებული სხვადასხვა უმაღლესი სამიტის გადაწყვეტილებებში და 2008 წლის შემდეგ, თითქმის, ყველა სამიტზეა ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო 2021 წლის სამიტის დეკლარაციაში ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის, ჰელსინკის დეკლარაციით, მათ შორის, პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებაა საუბარი. ასე რომ, ნატოს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა, “უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია”.