პაატა მანჯგალაძე: პატარა ბავშვები არ ვართ და არც ერთმანეთზე ვართ გაბუტულები, თუმცა უნდა შევაჩეროთ ერთმანეთის განადგურება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მას არ ესმის, რას ნიშნავს პოლიტიკური პარტიების ეროვნული შერიგება. დეპუტატი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, ითამაშოს მედიატორის როლი პოლიტიკური მხარეების შესარიგებლად.
„ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ და არც ერთმანეთზე ვართ გაბუტულები. გვაქვს განსხვავებული პოზიციები, გვაქვს კითხვები ერთმანეთთან, მაგრამ ის, რომ უნდა შევაჩეროთ ერთმანეთის განადგურება, ეს არის ჩვენი ვალდებულება. თუ პრეზიდენტი ამ პროცესს დაეხმარება და ეს არ იქნება ლამაზი სიტყვებისთვის ნათქვამი, ჩემთვის მისასალმებელია. ამის ნაწილი ბუნებრივად გახდება სააკაშვილის საკითხიც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.