საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. ქართველი კანონმდებლები მთელი კვირის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს კონგრესის ორივე პალატაში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ვაშინგტონში ბაზირებულ საგარეო პოლიტიკის საკითხზე მომუშავე ინსტიტუტებთან.

 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება და რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფი რეგიონის ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების გაზრდა, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა იყო.

ასევე საუბრები მიმდინარეობდა, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

“პოლიტიკური სიმბოლური დატვირთვა ამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აქვს ძალიან დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. თითქმის ყველა შეხვედრაზე კონგრესში ამ თემაზე გვქონდა საუბარი და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე უკვე ხელშესახებ პროგრესს ვიხილავთ ამ მიმართულებით. რამდენიმე კონგრესმენი მზად არის, რომ წერილიც კი გააგზავნოს ადმინისტრაციაში, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს,” – განაცხადა  ნიკოლოზ სამხარაძე.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დემოკრატიის საკითხები, პოლიტიკური პოლარიზება და რეფორმები, მათ შორის სასამართლოს რეფორმა. ამ თემებზე დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკა ოლსონი ესაუბრა. საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები