პარლამენტის წევრები – თამარ კორძაია და თამარ ჩარკვიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის უფრაქციო წევრები – თამარ კორძაია და თამარ ჩარკვიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ადამიანის უფლებებზე ზოდად და ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე. საუბარი შეეხო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მართლმსაჯულების სისტემასა და სასამართლო რეფორმას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე.

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, პირველ ყოვლისა, ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე ქვეყანაში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც გვაქვს ქვეყანაში და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. ცალსახად დავანახეთ, რომ ის ღირებულებები, რომლის გამოც ჩვენ ევროსაბჭოს წევრი გავხდით – ადამიანის უფლებები დღითიდღე უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ქვეყანაში. ვისაუბრეთ ასევე როგორც მართლმსაჯულების უფლებასთან, ასევე – მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ჩემი მხრიდან სამომავლოდ ვთხოვე, რომ განვითარების გზაზე ჩვენმა ქვეყანამ კურსი რომ არ იცვალოს და ის კვლავ იმ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ნანატრი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რისი სურვილიც საქართველოს დიდი ხანია აქვს, არ გადაუხვიოს ამ კურსს, რა თქმა უნდა, თქვენი – მეგობარი დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება და ეს დახმარება გამოიხატება იმაში, რომ მათ სწორად აწარმოონ მონიტორინგი და ზუსტი ანგარიში დადონ ჩვენი ქვეყნის შესახებ”, – აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები