მაია ბითაძე მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ვებინარს ჩაერთო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ ვებინარს ჩაერთო.

პარლამენტის ინფორმაციით, ვებინარის თემა იყო კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე იძულებითი მიგრაცია მთიანი რაიონებიდან.

მაია ბითაძემ ვებინარზე ისაუბრა საქართველოს მაგალითზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიურ საფრთხეებზე. მან აღნიშნა, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დასავლეთ საქართველოში, სადაც კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები, როგორიცაა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მაგრამ, მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ უსაფრთხო რეგიონში დასახლება.

„მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის არსებული პრობლემების ეფექტურად დაძლევის და ეკოსისტემებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისადმი მთის რეგიონების ადაპტაციის შესაძლებლობის შესწავლას შიდა და საერთაშორისო რესურსების მობილიზებით. გარდა ამისა, საქართველო აპირებს შეაფასოს კლიმატის ცვლილების გავლენა მთის ეკოსისტემებზე მყინვარებისა და მთის ქედების მდგრადი მართვის მიზნით. კავკასიის ფართო დიაპაზონში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ამ პირობებში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების და იქ წარმოდგენილი საზოგადოების ცხოვრების დაუცველობის დონე, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვახდინოთ ეფექტური ქმედებები სიტუაციის გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები