ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე, ასევე, ეთნიკური უმცირესობებსა და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. „მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხედავს ჩვენი პარტია – „მოქალაქეები” პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. მე მათ განვუცხადე, რომ მნიშვნელოვანია გატარდეს ის საკონსტიტუციო რეფორმა, რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ და შემდეგი არჩევნებისთვის ბარიერი იყოს ისეთი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები გადალახავენ და პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეიქმნას მესამე არჩევანი, დაიწიოს პოლარიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ თავიანთი იდეების მოტანა პარლამენტში და ვნებათაღელვა არ გაგრძელდეს ქუჩაში”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმაზე საუბრისას მან სტუმრებს გააცნო საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი და მისი მოსაზრებით რატომ ვერ აკმაყოფილებდნენ ისინი იმ პოზიციას, რაზეც წარდგენილნი იყვნენ. „კითხვები, ასევე შეეხებოდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებსა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს. ყველა ამ საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.