საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საბინ ტიესა და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, ასევე, 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გეგმაზე და, ამ კუთხით, საფრანგეთის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არამარტო რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას, არამედ – მთლიანად ევროკავშირს.

სწორედ ამიტომ, საჭიროა შესაბამისი რეაგირება რუსულ აგრესიაზე, რომელიც დღემდე გრძელდება არა მარტო საქართველოში, არამედ – შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანაში. ფრანგი კოლეგების მხრიდან პოზიტიურად შეაფასდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული მისწრაფებების მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები