“ჩვენს შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”
გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
“მე შევეცდები ამ საკითხზე სპეკულაციები დავასრულო. მინდა განვმარტო, რომ რეალურად, ჩვენს შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მიზანმიმართული სპეკულაციებია. მათ ინტერესებში შედის, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, თითქოს რაღაც სერიოზული ხდება – ამ დროს არაფერი სერიოზული არ ხდება. ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ გარკვეული დისტანცირება არსებობს, ასეც არის. ფაქტია, რომ ჩვენ არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და რა საჭიროა რომ გვქონდეს?! მთავრობა არის დისტანცირებული, აქვს საკუთარი კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს კონსტიტუციის ფარგლებს იქით. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ვხელმძღვანელობ კონსტიტუციით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივი პროცესია, როდესაც კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები ხორციელდება, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება. მისი თქმით, ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოქმედებს.
“არაფერი უჩვეულო არაა იმაში, რომ ბევრი კანონი იყო შესაცვლელი და მოსაყვანი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. მახსოვს, ატეხეს ამბავი გარკვეულ საკითხზე, რომ ის უფლებები, რაც ადრე ჰქონდა პრეზიდენტს, გადმოვიდა პრემიერის კომპეტენციაში. ეს ნორმალურია. ეს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ხდება… პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენი გუნდის მიერ მხარდაჭერი კანდიდატურა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მათი გუნდის წევრია.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ყოფილ პრემიერზეც და აღნიშნა, რომ ის რჩევებს ბიძინა ივანიშვილს ხშირად ეკითხება. როგორც გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დიდი ფუფუნებაა, როდესაც არსებობენ ივანიშვილის მსგავსი მრჩევლები.
“თუ ბატონ ბიძინას სურვილი ექნებოდა, რომ აქტიურად ემართა მთავრობა, როგორც ოპონენტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რატომ გადაწყვიტავდა პოლიტიკიდან წასვლას? ამაში ლოგიკას მე ვერ ვხედავ. ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა მქონდა ათი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეხლაც მაქვს კომუნიკაცია. ამ ადამიანმა ჩემს განვითარებაზე და ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. არ ვერიდები იმის თქმას, რომ როცა საჭიროდ მიმაჩნია, არ ვერიდები რჩევას ან აზრს, ამა თუ იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე და ამაში უჩვეულო არაფერია. როცა არსებობენ ასეთი მრჩევლები დიდი ფუფუნებაა. მე აზრს ვეკითხები ჩემი გუნდის წევრებს, ის, რომ მე ბატონ ბიძინას აზრი და რჩევა ვკითხო, ჩვეულებრივი პროცესია“, – განაცხადა პრემიერმა.