​ვიქტორია ნულანდი: პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს, როგორც “მემკვიდრეობის პროექტს”.

ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში პუტინის საჯარო და კერძო გოდება სსრკ-ს დაშლის შესახებ გაძლიერდა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მან გააძლიერა რიტორიკა იმის შესახებ, რომ სუვერენული უკრაინელი ერი, თითქოსდა, “რუსეთის ნაწილია”.

“არსებობს შიში, რომ ის ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, როგორც მისი მემკვიდრეობის პროექტი და შემდეგ უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა მისი მადა, თუ ის კიდევ წინ წავა”, – თქვა ნულანდმა.

დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა სენატში, მთლიანად აშშ-ში, უკრაინასთან, პარტნიორებსა და ნატო-ს მოკავშირეებთან, ასევე, მნიშვნელოვანია რუს ხალხთან საუბარი.

“ახლა არავის უნდა და არც სჭირდება ომი; ყველაზე ნაკლებად – რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმსახურებენ საუკეთესო სკოლებს, საუკეთესო საავადმყოფოებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას, საუკეთესო ჯანდაცვას. სწორედ ამ მხრივ უნდა იყოს მიმართული ამ ქვეყნის სიმდიდრე და არა – უკრაინის ფრონტზე გასაყინად მათი შვილების გაგზავნაზე“, – განაცხადა ნულანდმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ, ღირსების რევოლუციის შემდეგ, უკრაინა “ნამდვილად დაუბრუნდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გრძნობას” და მოქალაქეები როგორც კიევში, ასევე – ქვეყნის აღმოსავლეთში ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპელების მსგავსად ცხოვრება.

მისი აზრით, ძალიან სახიფათოა უკრაინული პატრიოტიზმის წინააღმდეგ ფსონის დადება – და არავის არ უნდა სურდეს ომი, რადგან ეს “ძალიან სისხლიანი და რთული იქნება” როგორც რუსეთისთვის, ასევე – უკრაინისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები