ვიტალი მაჭავარიანმა შვეიცარიული კომპანიების – Sensefly-სა და Pix4D-ს მიერ ორგანიზებულ, ფოტოგრამმეტრიის კონკურსში დრონით გადაღებული, ვაშლიჯვრის მეწყერის პროექტი წარადგინა და ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ვიტალი მაჭავარიანმა შვეიცარიული კომპანიების – Sensefly-სა და Pix4D-ს მიერ ორგანიზებულ, ფოტოგრამმეტრიის კონკურსში ბუნებრივი სტიქიური პროცესების მართვის კატეგორიაში დრონით გადაღებული, ვაშლიჯვრის მეწყერის პროექტი წარადგინა და ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ვიტალი მაჭავარიანი კომპანიის –  Sensefly აკადემიაში, დისტანციურად, დრონების სერტიფიცირებული ოპერატორის სასწავლო კურსს გაივლის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე, სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიც არის უპილოტო საფრენი აპარატები.

აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით, სპეციალისტებს საშუალება აქვთ, ეფექტიანად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.
აღსანიშნავია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მხარდაჭერით შეიძინა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები