გია ვოლსკი: სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ გარკვეული ინფორმაცია გასაჯაროვდეს
“სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ გარკვეული ინფორმაცია გასაჯაროვდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით თუ კანონი დაირღვა, მაშინ შესაბამის ორგანოებს მიმართონ.
„ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამება, მისთვის თავში ცემა, ფეხებში ჩარტყმა მოხდა. მეორე მხრივ, ამას იმისთვის იყენებენ, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აღშფოთება გამოიწვიონ. მესამე მხრივ კი აუცილებლობა არსებობს, რომ საზოგადოებას რეალური სურათი აჩვენო, რათა შემდგომი პროცესები იმ ინფორმაციის საფუძველზე არ განვითარდეს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, დასაშვებია, რომ გარკვეული ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ეჭვი მეპარებოდა იმაზე, საჭიროა იყო თუ არა ბაჩალიაშვილის თემაზე ამდენი ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური სპეკულაციის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ რაღაცით უნდა გეპასუხა. თუ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კანონი დაირღვა, შესაბამის ორგანოებს მიმართონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.