“მთავრობა „ცოცხალი ორგანიზმია“, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ერთი წამით მოვდუნდეთ”
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი ფიქრობდა და გადაწყვეტილება ბოლო ორი დღის განმავლობაში არ მიუღია.
„მინდა გითხრათ, რომ მე ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი ძალიან დიდი ხანი. მე გადაწყვეტილება ბოლო 2 დღის განმავლობაში არ მიმიღია. მანამდე საკმაოდ აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ ისინი. მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრს ჰქონდა სრული თავისუფლება იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საკუთარი თავი და მოეხდინათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. აღმოჩნდა, რომ მინისტრები, რომლებიც არ დარჩებიან მინისტრთა კაბინეტში, არ აღმოჩნდნენ ისეთივე ეფექტურები, როგორებიც სხვები არიან და მე გადავწყვიტე, რომ საჭირო და დროული იყო, რომ ისინი უკეთესით ჩამენაცვლებინა. მე მთავარ მოტივად დავასახელე მინისტრთა კაბინეტის ეფექტურობის გაზრდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ჯანმრთელი და მუდმივად განახლებადი პროცესია. მთავრობა „ცოცხალი ორგანიზმია“, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ერთი წამით მოვდუნდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოტივირებული, მაქსიმალურად მობილიზებული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოსახლეობას ყურადღება თუნდაც ერთი წამით მოვაკლოთ. სწორედ ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ მინისტრები შემეცვალა და მათ ადგილას დამენიშნა, ჩემი აზრით, უფრო ენერგიული, უფრო მოტივირებული კადრები, ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურად განაგრძობენ საქმიანობას და საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.