პროკურორი: არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანს, მეორემ იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს – ორივე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, – ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით,  საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. ამასთან, ლევან ვეხვაძის განცხადებითვე, მტკიცებულების სახით ამოღებულია ტანსაცმელი.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა ორი არასრულწლოვანი. ერთს ედება ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც წინასწარ შეცნობით გულისხმობს, არასრულწოვნის მკვლელობას. მეორე არასრულწლოვანს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ვინაიდან, მან იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებული კატეგორიის დანაშაული და არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მტკიცებულებები მოპოვებულია, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. გარდა ამისა ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საბოლოო ჯამში, ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე მიმართა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რადგან აღნიშნულ ეტაპზე არსებობს ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ამოღებულია არაერთი ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია საქმესთან. რაც შეეხება კონკრეტულად დანის არსებობას, რა თქმა უნდა, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს აღნიშნულ საქმეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა. მეორე არასრულწოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს. ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება. თავის დაცვის მიზანი არ ყოფილა, ეს იყო განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა პროკურორმა.

შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი 2004 წელს დაბადებული პ.ვ. თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ლ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ.-ც რომელიც შეესწრო დანაშაულს და სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა.

მიყენებული დაზიანების გამო, დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები